
სირსკი: რუსეთის დანაკარგები უკრაინისას სამჯერ აღემატება
24/07/2024 09:09:34 მსოფლიო
რუსეთის დანაკარგები უკრაინისას სამჯერ აღემატება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ The Guardian-თან ისაუბრა.
თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. სირსკიმ დანაკარგების კონკრეტული მაჩვენებელი არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს „სენსიტიური“ თემაა, რომელიც შეიძლება მოსკოვმა გამოიყენოს.
მან ხაზი გაუსვა, რომ მისთვის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია და არ სურს, მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს.
ივლისში ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის საშუალო დღიური დანაკარგები (დაღუპულები და დაჭრილები) მნიშვნელოვნად გაიზარდა მაისში და ივნისში და უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მთელი პერიოდის განმავლობაში.
კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, მაისში რუსეთი ყოველდღიურად კარგავდა 1262 სამხედროს მოკლულისა და დაჭრილის სახით, ხოლო ივნისში - 1163. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, 70 ათასზე მეტი ოკუპანტი დაიღუპა და დაიჭრა.
ანალიტიკოსები დანაკარგების ზრდას რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში ახალი შეტევის დაწყებას უკავშირებენ, ამასთან, რუსებმა შეტევითი ოპერაციების ტემპი ფრონტის დანარჩენ ნაწილებშიც შეინარჩუნეს.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ოკუპანტებმა გაზარდეს ზეწოლა ფრონტზე, მაგრამ უკრაინის ეფექტური თავდაცვა და რუსი სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემები "ამცირებს რუსეთის უნარს, ისარგებლოს ნებისმიერი ტექნიკური წარმატებით, მიუხედავად ფრონტის ხაზის შემდგომი გაჭიმვის მცდელობისა."
ვარაუდობენ, რომ რუსეთის მსხვერპლი დღეში საშუალოდ 1000-ზე მეტი იქნება მომდევნო ორი თვის განმავლობაში, რადგან რუსეთი აგრძელებს უკრაინის პოზიციების დაკავების მცდელობას მასიური შეტევებით.