
სირსკი: კიევი ყირიმის დაბრუნებას გეგმავს, ეს რეალურია
24/07/2024 10:02:56 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში უარი თქვა ანექსირებული ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელი ქერჩის ხიდის შესაძლო განადგურების დროის დასახელებაზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი ყირიმის დაბრუნებას გეგმავს.
"ეს რეალურია. ცხადია, ეს დიდი სამხედრო საიდუმლოებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ 1991 წლის საზღვრებს“, - განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.
მან ასევე შეახსენა ჟურნალისტს, რომ საზღვაო უპილოტო დრონებით ჩაიძირა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით მესამედი.
„მათთვის ეს მართლაც ხაფანგი გახდა, ზოგისთვის კი სამარე“, - თქვა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის თავდასხმების სერიის შემდეგ, კრემლი იძულებული გახდა, მთლიანად დაეტოვებინა სევასტოპოლის პორტი.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, შორი მანძილის კამიკაძე–დრონების გამოყენებით, რუსეთში „დაახლოებით 200 კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს" დაარტყეს.
სირსკის თქმით, ყველა ეს ობიექტი დაკავშირებული იყო სამხედრო ლოგისტიკასთან და მოიცავდა ქარხნებს, საწვავის და საბრძოლო მასალის საწყობებს.
უკრაინა მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, უზრუნველყონ იარაღის გამოყენების ნებართვა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმისთვის.