
"ყველაფერს საზღვარი აქვს!“ – ბარსელონას მერი ტურიზმის შეზღუდვას მოითხოვს
24/07/2024 10:54:15 ევროპა
ბარსელონას მერი ხაუმე კოლბონი ამბობს, რომ ქალაქი იძულებულია, დააწესოს შეზღუდვები ტურისტებზე, რადგან ვერ უმკლავდება მათ შემოდინებას.
როგორც მან Reuters-თან თქვა, ტურიზმის შეზღუდვა აუცილებელია იმისათვის, რომ ქალაქი არ გადაიქცეს „გასართობ პარკად“.
მერმა თქვა, რომ გააგრძელებს შეზღუდვის მცდელობებს, რადგან მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მოთხოვნაზე, რომელიც, მისი თქმით, შეუზღუდავია და შეიძლება გაიზარდოს წელიწადში 3%-დან 8%-მდე, რასაც "ვერც ერთი ქალაქი ვერ შთანთქავს".
„300-ადგილიანი თეატრი თუ გაქვთ, 500 (ბილეთს) ვერ გაყიდით, 200 კაციც რომ იყოს რიგში... ყველაფერს საზღვარი აქვს“, – ამბობს კოლბონი.
გასულ წელს ბარსელონას დაახლოებით 26 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა. ადგილობრივი ხელისუფლება რეკორდული წლისთვის ემზადება.
"ტურიზმი უნდა ემსახურებოდეს ქალაქის მოდელს და არა პირიქით. სწორედ ამას ვაკეთებთ ბარსელონაში", - დასძინა კოლბონიმ.
ის ასევე იცავს ტურისტებისთვის ბინების მიქირავების აკრძალვის გეგმებს, რადგან გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბარსელონას მკვიდრების 75% მხარს უჭერს მას.
გარდა ამისა, მერი არ გეგმავს ქალაქის ცენტრში ახალი სასტუმროების გახსნის მოქმედი აკრძალვის შემსუბუქებას.