Accentnews.ge
კულება: „გარკვეულ ეტაპზე“ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან დიალოგისთვის

კულება: „გარკვეულ ეტაპზე“ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან დიალოგისთვის

24/07/2024 12:10:32 მსოფლიო

უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის "გარკვეულ ეტაპზე", მაგრამ ეს ეტაპი ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ჩინელ კოლეგასთან ვანგ ისთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეტაპი დადგება მაშინ, როდესაც რუსეთი მზად იქნება კეთილსინდისიერი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ახლა მსგავსი მზაობა რუსეთის მხრიდან არ შეიმჩნევა, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ შეხვედრაზე კულებამ გამოაცხადა კიევის მზადყოფნა "რუსეთთან დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის". „მიუხედავად იმისა, რომ პირობები და დრო ჯერ არ დამდგარა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობის ხელშეწყობის ყველა მცდელობას და მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული როლი ამ პროცესში“, - თქვა ჩინელმა მინისტრმა.

Reuters-ის ცნობით, ჩინეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, "იმაზე მეტ ხანს, ვიდრე იგეგმებოდა", – უთხრა სააგენტოს უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა.

მაისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ჩინეთში სი ძინპინთან მოლაპარაკებებისთვის. შეხვედრის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. მასში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ ჩინეთი და რუსეთი „აღნიშნავენ აუცილებლობას შეწყვიტონ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს საომარი მოქმედებების გახანგრძლივებას და კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას“ უკრაინაში და ასევე „მოუწოდებენ, თავიდან აიცილონ მისი გადასვლა უკონტროლო ფაზაში“. ასევე აღინიშნა დიალოგის მნიშვნელობა, როგორც უკრაინის კრიზისის მოგვარების ოპტიმალური ფორმა.

პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ინარჩუნებს "ნეიტრალურ პოზიციას" უკრაინის ომის საკითხთან დაკავშირებით. ჩინეთის ხელისუფლება არ გმობს რუსეთს მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის და დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს „კონფლიქტის პროვოცირებაში“, მაგრამ არ ცნობს ყირიმსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. იმავდროულად, დასავლეთის ქვეყნები ჩინეთს ადანაშაულებენ რუსეთის მხარდაჭერაში.

დმიტრო კულება ჩინეთში სამუშაო ვიზიტით 23 ივლისს ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კულება ჩინეთს ეწვია. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი არის უკრაინის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ჩინეთში ჩავიდა.

ივნისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ კიევმა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შესაძლოა აწარმოოს, თუმცა, მხოლოდ შუამავლების მეშვეობით. მაგალითად მან მოიყვანა მარცვლეულთან დაკავშირებული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც შეთანხმება არა პირდაპირ რუსეთთან, არამედ გაეროსთან და თურქეთთან დადეს, ამ უკანასკნელებმა კი მოსკოვთან მოლაპარაკების პასუხისმგებლობა აიღეს.

14 ივნისს ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ რუსეთი მზად იქნება ცეცხლის შეწყვეტისთვის, მხოლოდ შემდეგი ნაბიჯების შემთხვევაში: თუ უკრაინა სრულად გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან და ოფიციალურად უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე. ამას გარდა, პუტინის პირობებით, რუსეთს დასავლეთმა სანქციები უნდა მოუხსნას. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ტერიტორიუ დათმოებბზე წასვლას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S