
გერმანული Rheinmetall უკრაინაში საბრძოლო მასალების საწარმოს მშენებლობას იწყებს
24/07/2024 13:02:54 მსოფლიო
უკრაინაში Rheinmetall-ის საბრძოლო მასალების საწარმო აშენდება. იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, კონცერნმა უკრაინის მთავრობისგან საბრძოლო მასალების საწარმოს აშენებაზე ოფიციალური შეკვეთა მიიღო.
საწარმოს სამშენებლო სამუშაოები მალე დაიწყება და სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში დასრულდება. შეთანხმების ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა გერმანულმა კონცერნმა აღნიშნა, რომ 100 მილიონ ევროს აჭარბებს.
„ეს Rheinmetall-ის გამოცდილებისა და წარმოების შესაძლებლობების მიმართ ნდობას ხაზს უსვამს. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ქვეყანას რეინდუსტრიალიზაციასა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა.
უკრაინაში Rheinmetall-ის საწარმოს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მხარეებმა თავდაპირველად თებერვალში გაავრცელეს.