Accentnews.ge
სუს-მა გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი და ომის ვეტერანი ლაშა რუხაია დაიბარა

სუს-მა გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი და ომის ვეტერანი ლაშა რუხაია დაიბარა

24/07/2024 13:09:45 სამართალი, საზოგადოება

სუს–მა გამოკითხვაზე რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი და ფოთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა რუხაია დაიბარა.

როგორც რუხაია ამბობს, უწყება სახლში მიუტანეს

"თითქოს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლია და პლუს, თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით რაღაც ზღაპრები... 25 ივლისს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დამკითხავენ", - თქვა რუხაიამ.

ომის ვეტერანი ამბობს, რომ ხელისუფლებას ქართველი პატრიოტების დასჯა და დაშინება სურს, რადგან ისინი "პუტინის დავალებებს ასრულებენ".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა". - წერია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწიმებს.

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. გამოკითხულთა შორის არიან ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი, ლაშა რუხაია, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი, კონსტანტინე ჯღამაია.

ეს პირველი შემხვევა არაა, როდესაც ხელისუფლება საუბრობს "გადატრიალებაზე:

2014 წელი, "საბურავების საქმე"– იმჟამინდელმა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ენმ "ევრომაიდნის სცენარზე" მუშაობდა და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.

2015 წელი - სუს-მა უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ გამოძიება 315-ე მუხლით დაიწყო. ჩანაწერი შეეხებოდა სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას საუბარს, რომელიც რ2-ისთვის ბრძოლის გეგმას უკავშირდებოდა. ამ შემთხვევაშიც, გამოძიების შედეგი უცნობია.

2016 წელი - გავრცელდა ფარული აუდიო, რომლის ავტორის მტკიცებითაც, ენმ-ის ლიდერები შესაძლო გადატრიალების საკითხზე საუბრობენ. სუს-მა შეთქმულების საქმეზე გამოძიება 27 სექტემბერს დაიწყო, 29 სექტემბერს კი საზოგადოებამ მოისმინა შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე დამარხული საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაშიც, გამოძიება 315-ე მუხლით მიმდინარეობდა. შედეგები უცნობია.

2019 წელს, "გავრილოვის ღამის" კვალდაკვალაც საუბრობდა ხელისუფლება 315–ე მუხლზე, დააკავეს კონკრეტული პირებიც თუმცა სსკ–ის 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა).

2020 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო გადატრიალების საქმის გამოძიება და ამ მოტივით, უწყებაში მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების დაბარება დაიწყო.

2021 წლის 29 ოქტომბერს - არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით: მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელშიც სუს-ის მიხედვით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუბრის ერთი ფრაგმენტია, ხოლო მთლიანი ჩანაწერი 2 საათს გრძელდება.

2023 წელი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს საგანგებო ბრიფინგზე „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე“, საზოგადოებას „მიმდინარე გამოძიების“ შესახებ ამცნო. მაშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში, „უცხო ქვეყნების დაფინანსებით“ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა. გამოძიების შედეგები უცნობია.

315-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელი, სხვადასხვა გარემოების მიხედვით, 5-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება 323-ე ტერორიზმის მუხლს, ასევე სხვადასხვა გარემოების მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ითვალისწინებს 10-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S