
სირსკი: ვიცი, გავიმარჯვებთ და ვიცი ეს როგორ გავაკეთო
24/07/2024 14:04:12 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ, The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მე ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ვიზამთ“ - ამბობს სირსკი.
უკრაინელი მთავარსარდლის განცხადებით, ყირიმის დაბრუნება სრულიად რეალისტური ამოცანაა - "ეს რეალურია. ცხადია, ეს დიდი სამხედრო საიდუმლოებაა".
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ 1991 წლის საზღვრებს“, - განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.
მან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები სამჯერ აღემატება უკრაინისას.
მან ხაზი გაუსვა, რომ მისთვის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია და არ სურს, მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს.
სირკის განცხადებით, საოკუპაციო არმია გაიზარდა და მათი რიცხვი ნახევარ მილიონს აღწევს. 2024 წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 690 ათასს მიაღწევს.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, შორი მანძილის კამიკაძე–დრონების გამოყენებით, რუსეთში „დაახლოებით 200 კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს" დაარტყეს.
სირსკის თქმით, ყველა ეს ობიექტი დაკავშირებული იყო სამხედრო ლოგისტიკასთან და მოიცავდა ქარხნებს, საწვავის და საბრძოლო მასალის საწყობებს.