
ГРУ-ს მაიორის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს
24/07/2024 16:13:28 მსოფლიო
თურქეთის სამართალდამცავებმა დააკავეს რუსი ევგენი სერებრიაკოვი, რომელიც ეჭვმიტანილია ГРУ-ს მაიორის ანდრეი თორგაშოვის მანქანის აფეთქებაში. დაკავების შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიმ განაცხადა.
რუსეთის მოქალაქე ბოდრუმში აიყვანეს.
მანამდე რუსეთის ФСБ–ს წარმომადგენელმა უთხრა რუსულ მედიას, რომ ეჭვმიტანილმა თურქეთში გაფრენა მოასწრო და რომ კონტაქტზე იყვნენ თურქ სამართალდამცველებთან.
თურქეთის შს მინისტრის თქმით, თურქულმა მხარემ ძებნილზე ინფორმაცია ადგილობრივი დროით 10:30-ზე მიიღო. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ევგენი სერებრიაკოვმა მოსკოვში ავტომობილი ააფეთქა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა და რომ ეჭვმიტანილი თურქეთში მოსკოვი-ბოდრუმის რეისით ჩავიდა. ეჭვმიტანილი, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის პოლიციამ დააკავა.
24 ივლისის გამთენიისას მოსკოვში აფეთქდა Toyota Land Cruiser. მედიის ცნობით, ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის 49 წლის თანამშრომელს ეკუთვნოდა. მან ქვედა კიდურები დაკარგა, დაშავდა მისი მეუღლეც.