
გენერალი უოკერი: უკრაინაში „მინიმალური მიზნებისთვის“ რუსეთი 5 წელს და 1,5 მილიონ ადამიანს რისკავს
24/07/2024 20:44:50 მსოფლიო
რუსეთს სულ მცირე, ხუთი წელი დასჭირდება უკრაინის ოთხ რეგიონზე - დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხარკოვი – სრული კონტროლისთვის, განაცხადა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა რალი უოკერმა. ამ „მინიმალური მიზნების“ მისაღწევად მოსკოვი დაკარგავს 1,5 მილიონზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, მიიჩნევს სამხედრო ლიდერი.
ცოცხალი ძალის გარდა, რუსული არმია დაკარგავს სამხედრო აღჭურვილობას, რომლის ღირებულება "უთვალავი მილიარდი დოლარია", - დასძინა გენერალმა RUSI Land Warfare–ს კონფერენციაზე გამოსვლისას. უოკერმა აღნიშნა, რომ მას არ ესმის, როგორ შეიძლება, უკრაინაში ომი სასარგებლო იყოს რუსეთისთვის.
ამასთან, მან თქვა, რომ უკრაინის არმიამ ასევე დიდი დანაკარგი განიცადა რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტის დროს. „ხანგრძლივ ომში გამარჯვებულები არ არიან. <…> ეს არის სრული განადგურება და დაკარგული თაობები ორივე მხარისთვის“, - ციტირებს მის სიტყვებს Bild.
ერთი დღით ადრე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა 550 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. მათ მიაჩნიათ, რომ ვლადიმირ პუტინს ხუთი წელი დასჭირდება ჯარის 2022 წლის თებერვლის მდგომარეობამდე დასაბრუნებლად და კიდევ ხუთი წელი დასჭირდება „სისუსტეების გამოსწორებას“, რომელიც ომმა გამოავლინა.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, მაისი და ივნისი რუსული არმიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი თვე იყო ხარკოვის რეგიონში ახალი ფრონტის გახსნისა და დონბასში შეტევის გაძლიერების გამო. ორ თვეში რუსებმა 70 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს. იმავდროულად, მათ არ მიუღწევიათ სერიოზული წარმატებისთვის.
რუსეთი საკუთარ დანაკარგებზე არ საუბრობს.