
ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა: "მე პატივს ვცემ პრეზიდენტის თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა"
25/07/2024 05:43:36 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე, მოქმედმა პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს ოვალური კაბინეტიდან მიმართა და ის მიზეზები აუხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს და უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე.
ჯო ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მიღწევები, მსოფლიოში მისი ლიდერობა და ქვეყნის მომავლის ხედვა მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ დემოკრატიის გადარჩენის გზას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს ეხება პირად ამბიციებსაც.
მისი თქმით, აუცილებელია ქვეყნის და დემოკრატიული პარტიის გაერთიანება, წინსვლის საუკეთესო საშუალება კი ახალი თაობისთვის ესტაფეტის გადაცემაა.
"მე პატივს ვცემ პრეზიდენტის თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა", - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
მან ამერიკელებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ კამალა ჰარისის კანდიდატურას.
აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ "დემოკრატიული პარტიის" და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.
დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენს ყრილობაზე, რომელიც 19 აგვისტოს, ჩიკაგოში გაიხსნება. ვიცე-პრეზიდენტმა, 59 წლის კამალა ჰარისმა უკვე დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდება, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი.