
რუსეთში საბრძოლო ვერტმფრენი მი-28 ჩამოვარდა
25/07/2024 05:50:54 მსოფლიო
რუსეთის კალუგის ოლქში სამხედრო ვერტმფრენი მი-28 ჩამოვარდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ეკიპაჟის წევრების დაღუპვა დაადასტურა.
პირველი ცნობა, რომ კალუგის ოლქის ჟიზდრინსკის რაიონში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ გაავრცელა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ "მი-28 გეგმური ფრენის დროს, დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა და ეკიპაჟი დაიღუპა".
რამდენი წევრი იყო ეკიპაჟში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია.
უწყების ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა იყო.
რუსული მი-28 ტიპის ვერტმფრენები, რომლებსაც „ღამის მონადირესაც" უწოდებენ, განკუთვნილია ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის, დაბალსიჩქარიანი საჰაერო სამიზნეების და ცოცხალი ძალის აღმოჩენისა და განადგურებისთვის.