
რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა გენერალი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა
25/07/2024 07:18:49 მსოფლიო
გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კობილაში, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობდა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურად დაინიშნა.
მანამდე კობილაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მანძილის ავიაციის მეთაური იყო.
კობილაშის დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 5 მარტს გასცა. კობილაში და კიდევ ერთი რუსი სამხედრო მეთაური – ვიკტორ სოკოლოვი ბრალდებულები არიან უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებზე 2022 წლის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ, 2023 წლის 9 მარტამდე, რის შედეგადაც უკრაინის კრიტიკული ელექტრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და დიდი საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო პირებს. სასამართლომ დაასკვნა, რომ სამოქალაქო პირებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი ბევრად აღემატებოდა სარაკეტო იერიშებით მიღებულ სამხედრო სარგებელს.
2008 წლის ომის დროს კობილაში 368-ე საჰაერო პოლკის მეთაური იყო. ის პირადად მართავდა მოიერიშე სუ–25-ს, რომელიც ქართველებმა ჩამოაგდეს. მან კატაპულტირება მოასწრო და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა. ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის რუსულ მხარეს ტყვეთა გაცვლის ფარგლებში დაუბრუნეს.
"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა - რუსეთის შორეული ავიაციის ხელმძღვანელზე, სერგეი კობილაშზე, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა, მაშინ ჩვენმა არმიამ ჩამოაგდო, რომელიც ტყვეთა გაცვლით დავუბრუნეთ რუსეთს",– გაიხსენა სააკაშვილმა.
კობილაში მონაწილეობდა ჩეჩნეთისა და სირიის ომებშიც.