
რუსულმა დრონებმა უკრაინაზე მორიგი შეტევისას სავარაუდოდ, NATO–ს წევრი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს
25/07/2024 07:35:07 მსოფლიო
25 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 38 დრონით შეუტიეს ანექსირებული ყირიმიდან და კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან.
ოლეშჩუკის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო კიევის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში, სადაც 25 დრონი ჩამოაგდეს.
ოლეშჩუკის ანგარიშის მიხედვით, კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი თვალთახედვიდან დაკარგეს მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა-რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს.
ნატოს და ევროკავშირის წევრ რუმინეთს თავის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს, თუმცა მანამდე რამდენჯერმე იპოვეს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსული აპარატების ფრაგმენტები უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნის ტერიტორიაზე.