ჩუგოშვილი – ევროპარლამენტის კრიტიკაზე: „ხდება ის, რასაც ვამბობდით...სამწუხაროდ, დამცველი არავინ იყო“

21-01-2020 23:25:39 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მმართველი გუნდის წევრები ინტენსიურად მართავენ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან და ვინაიდან ისევ კეთდება მწვავდ კრიტიკული განცხადებები, ეს ნიშნავს, რომ მმართველი გუნდის პოზიციონირება ევროპარლამენტარებისათვის დამაჯერებელი არაა – ნდობა დაიკარგა.

„ამ შეხვედრებზე წესით, საქმეზე უნდა იყოს საუბარი, ანუ ინფორმაციას აწვდიან. თუ ინფორმაციას აწვდიან და მაინც ეს განცხადებები კეთდება, ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ამ მესიჯების მიმღებლობა არ აქვთ, რადგან ნდობა დაიკარგა. პროპორციულის ჩაგდებამ და შემდეგ ამას დამატებულმა მოსამართლეების და სისხლის სამართლის საქმეებმა, რთული გახადა, ხელისუფლების პოზიცია იყოს დამაჯერებელი“,– განაცხადა ჩუგოშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქარტულ ოცნებას“ პარტნიორი პარტია ჰყავს ევროპარლამენტში, კრიტიკული პოზიციების ფონზე „დამცველი არავინ აღმოჩნდა“:

„პარტიული აფილაციები არსებობს: როგორც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პარტნიორი პარტია „სოციალ–დემოკრატების“ სახით, ასევე ჰყავს „ნაციონალურ მოძტაობას“ – „სახალხო პარტია“. ჯერ ერთი, არ შეილება თქმა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებები პარტიულია და არ არის საინტერესო“. ეს ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიაა და თუ ვიტყვით, რომ ისინი რას ამბობენ, არ გვაინტერესებს, ამ მიდგომაში უკვე პრობლემაა. მეორე – დღეს მხოლოდ „სახალხო პარტიის“ პოზიცია არ ყოფილა, იყვნენ „მწვანეები“, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამასვე ამბობდნენ და სამწუხაროდ, დამცველი არ იყო, არ იყო ადამიანი, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების ანალიზის დროს ჩვენს მხარეს დადგებოდა. მათ შორის, იქ იყვნენ წევრები, რომლებიც მართალია, „ევროპის სახალხო პარტიას“ მიეკუთვნებიან, მაგრამ საქართველოს მიმართ ძალიან თავდადებული ადამიანები არიან და ჩვენც ხშირად ამოგვდგომიან გვერდში, როდესაც ასეთი დახმარება გვჭირდებოდა. მართლა ძალიან მწყდება გული. იმდენი გვაქვს ნამუშევარი, რომ რაღაც კეთილგანწყობა ყოფილიყო და ქვეყანას მხარდაჭერა ჰქონოდა, ამ ტენდენციას რომ ვხედავ, ძალიან მამძიმებს: მაქვს განცდა, რომ შრობა წყალში ჩაიყარა“.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მიმართ, რომელიც ეკონომიკური თუ უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ყურადღება და მხარდაჭერა შენელდა, ეს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის უმძიმესი იქნება.

ცნობისთვის: დღეს საქართველოს დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუწიათ. საქმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიას, პროპორციულ არჩევნებს, აქტივისტების დაკავებას, აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს ეხება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები