
FBI: ტრამპზე თავდამსხმელი პრეზიდენტ კენედის მკვლელობის საქმით იყო დაინტერესებული
25/07/2024 09:49:21 მსოფლიო
აშშ–ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორი კრისტოფერ რეი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტზე, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი პრეზიდენტ კენედის მკვლელობის საქმით იყო დაინტერესებული. ამის შესახებ მან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
რეის ინფორმაციით, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც დონალდ ტრამპს ქალაქ ბატლერში გამართულ საარჩევნო მიტინგზე შაშხანიდან ესროლა, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში ეძებდა პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის დეტალებს.
მისი თქმით, გამომძიებლების მიერ კრუქსის პირადი კომპიუტერის ანალიზმა აჩვენა, რომ მას კონკრეტულად აინტერესებდა, პრეზიდენტიდან რა მანძილზე იმყოფებოდა ლი ჰარვი ოსვალდი, რომელმაც ჯონ კენედის 1963 წელს დალასში ესროლა.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის განცხადებით, ჯერჯერობით ისევ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კრუქსს თანამზრახველები ჰყავდა.
დონალდ ტრამპს 13 ივლისს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას ესროლეს. ერთ-ერთმა ტყვიამ ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანა. სროლისას დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო მიტინგზე ცეცხლი გახსნა 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსმა. მისი მოტივები ჯერ–ჯერობით უცნობია.