Accentnews.ge
რუმინეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეღწევის ფაქტი დაადასტურა

რუმინეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეღწევის ფაქტი დაადასტურა

25/07/2024 11:22:59 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე შეტევის შემდეგ მოსაზღვრე რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, დასახლებული პუნქტის პლაურუს მახლობლად ნაპოვნია „გერანის“ ტიპის დრონების ფრაგმენტები.

ნატო–ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის –რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინეცა ოდობესკუმ განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებებს.

"ბუქარესტმა კოორდინირებული ქმედებების მიზნით შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა მოკავშირეებს", – განაცხადა მან.

რუსეთმა უკრაინაზე, მათ შორის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით მორიგი შეტევა დღეს მიიტანა. იზმაილი რუმინეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ანექსირებული ყირიმიდან და კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან 38 დრონით შეუტიეს.

გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო კიევის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, სუმის, ჟიტომირის და ჩერკასის ოლქებში, სადაც 25 დრონი ჩამოაგდეს. ოლეშჩუკის ინფორმაციით, კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი თვალთახედვიდან დაკარგეს მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა-რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S