25-07-2024 20:12:10 კავკასია ,ეს საინტერესოა ,ანალიზი
ერევანი ინდური იარაღის უმსხვილესი შემსყიდველი გახდა,– იტყობინება სომხური მედია ინდურ IADN–ზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ ქვეყნის პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ეყრდნობა. ირკვევა, რომ მიმდინარე ფისკალურ წელში ერევანმა ნიუ-დელისგან 600 მილიონი დოლარის იარაღი შეიძინა.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერევანში ყველაზე დიდი მოთხოვნაა "პინაკას" სარაკეტო გამშვებებსა და "აკაშის" საზენიტო სისტემებზე. სომხური მედია მიუთითებს, რომ სომხეთი ინდოეთისგან 2021 წლიდან ყიდულობს რაკეტებს საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღსაც. მანამდე სომხეთისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი რუსეთი იყო.
როგორ ჩაანაცვლა რუსეთი ინდოეთმა
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სომხეთ–რუსეთის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი ერევანს არ აწვდიდა „მილიონობით დოლარად“ ნაყიდ იარაღს, რამაც ერევანს ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა.
დოკუმენტების მიხედვით, რუსეთი უსაფრთხოების კუთხით სომხეთის პარტნიორია, თუმცა მექანიზმი არ მუშაობსო,– გაიმეორა მარტში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის სიტყვები და გაიხსენა, რომ 2020 წელს სომხეთს მთელი თავისი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა სწორედ რომ რუსეთთან ჰქონდა, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა:
„2021 წლიდან ვცდილობდით, შეგვეძინა რუსეთიდან იარაღი, გავაფორმეთ კონტრაქტები, რუსეთთან შევიმუშავეთ ჯარის ყოვლისმომცველი რეფორმის კონცეფცია... მაისში და ნოემბერში განხორციელდა თავდასხმები სომხეთზე (აზერბაიჯანის მხრიდან), რუსეთმა კი არ მოგვაწოდა საჭირო, შეძენილი იარაღი და დავიწყეთ ახალი პარტნიორების ძებნა“.
ხშირად ახსენებენ უკრაინის ომს და მარაგის ნაკლებობასო, – თქვა სომხეთის ოფიციალურმა პირმა და რუსული არგუმენტის გასაბათილებლად ხაზი გაუსვა, რომ კონტრაქტები გაფორმდა 2021 წლის დასაწყისში (რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს) და სომხეთს იარაღი არც კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთ წელიწადში და არც მას შემდეგ მიუღია: „ეს იყო რუსეთის არჩევანი! ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით, შესაბამისად, პარტნიორების დივერსიფიკაცია და ახლის ძიება მოგვიწია“.
ამ პროცესში გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმწოდებელი – ინდოეთი და საფრანგეთი.
„2021 წლის იანვრიდან დღემდე რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ მათ შორის რუსეთის წილი 10%-ზე ნაკლებია. [...] პარტნიორებს შორის არის ინდოეთი, ბოლო დროს საფრანგეთიც, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნები... დავიწყეთ მუშაობა ბევრ სხვა ქვეყანასთან“, - თქვა გაზაფხულზე გრიგორიანმა.
ამ ფონზე სომხეთ–ინდოეთის დაახლოება ლოგიკურად ეჩვენება მკვლევარ დავით ბრაგვაძეს. კერძოდ, ის „აქცენტთან“ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, მსხვილ სომხურ დიასპორას, „საკმაოდ მომრავლდნენ სომხეთშიც ინდუსები – ბევრი რეზიდენტი ჰყავთ, მათთვის სომხეთი დასაქმების ძირითად ბაზრად იქცა“, თუმცა ვარაუდობს, რომ მთავარი „ტრიგერი“ შესაძლოა, პაკისტანისა და ინდოეთის დრამატული ურთიერთობები ყოფილიყო.
„ისლამაბადს და ბაქოს ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ. პაკისტანი, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად, არც კი აღიარებს სომხეთს, როგორც სახელმწიფოს. და ვინაიდან პაკისტანსა და ინდოეთს დრამატული ურთიერთობები აქვთ, ვფიქრობ, სომხეთისთვის ლოგიკური იყო ინდოეთთან დაახლოება. ეს ორი დაპირისპირებული, არც მაინც და მაინც ძლიერი, მაგრამ ბირთვული სახელმწიფო კავკასიაში, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მტრებს [სომხეთს და აზერბაიჯანს] მფარველობენ – მათი დაპირისპირების მინი–მოდელი გამოდის“,– ამბობს მკვლევარი.
თუმცა, პაკისტანისგან განსხვავებით, ინდოეთი, ერთი რომ დემოკრატიული რეჟიმია და მეორე – ამბიციურია, მზარდი ძალაა ბევრი მიმართულებით: დემოგრაფია, ტექნოლოგიები სამხედრო ინდუსტრია, „ინდური იარაღი მეტ–ნაკლებად ეფექტურია, ხარისხიანია და სხვებთან შედარებით – იაფიც, ვინაიდან ჯერ კიდევ იმკვიდრებს ბაზარზე თავს“, ამბიციურია და აქვს პოტენციალიც:
„ვინაიდან დემოკრატიული სახელმწიფოა, ინდოეთის გავლენის ზრდას საფრთხედ არ აღიქვამენ დასავლეთის ქვეყნები, არ შედის მათთან კონფრონტაციაში განსხვავებით სხვა აზიური გიგანტებისგან. მეტიც, ინდოეთის გავლენის ზრდა აღიქმება იმავე რეგიონში ჩინეთის გავლენის დაბალანსების კონტექსტში, შესაბამისად, დემოკრატიული სომხეთის და დემოკრატიული ინდოეთის მჭიდრო კავშირი შეშფოთებას არ იწვევს“,–ამბობს ბრაგვაძე სომხეთის დასავლეთისკენ „შემობრუნების“ კონტექსტში.
თავად ინდოეთში კი ამ სამხედრო კავშირით ბაქოს უკმაყოფილების კომენტირებისას ფინანსურ ინტერესზე გაამახვილეს ყურადღება. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან, მაგრამ ასევე ვატარებთ პოლიტიკას ინდოეთის თავდაცვითი ტექნიკის ექსპორტის სტიმულირებისთვისო“, - თქვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 26 აპრილს.
თუმცა, სომხეთისთვის გეოგრაფიული მდებარეობიდან და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პრობლემურია მიწოდებაც – ერევანს რთული ურთიერთობები აქვს ოთხი მეზობლიდან ორთან (აზერბაიჯანი, თურქეთი), შესაბამისად, რჩება ორი „სასიცოცხლო გზა“, მათგან ერთი საქართველოზე, მეორე ირანზე გადის:
იხლეთ ასევე: უქმნის საქართველოს სტატუსს გამოწვევას სამხედრო ტვირთის გატარება?
ამრიგად, რთული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, განაპირობებს მეგობრობას ირანთან და კონტექსტის გათვალისწინებით ამგვარ მჭიდრო კავშირს დასავლეთი „გაგებით“ ეკიდება „წითელი ხაზების“ გადაკვეთამდე (მაგალითად, სომხეთი სანქციების გათვალისწინებით, ირანიდან იარაღს არ ყიდულობს), ესმით რა, რომ ირანთან ურთიერთობების მინიმიზაცია სომხეთისთვის „თვითგანადგურების რეჟიმის ჩართვას გულისხმობს“.