
სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო
26/07/2024 06:01:11 საზოგადოება
სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
შეგახსენებთ, რომ მე-6 დღეა სვანეთში ორ დაკარგულ ახალგაზრდას – გოგიტა ფარჯიანსა და გიორგი გვიჩიანს ეძებენ. ადგილობრივებმა გუშინ, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.