
პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ სავარაუდო დივერსიის შედეგად რამდენიმე ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი დაზიანდა
26/07/2024 08:57:17 ევროპა
საფრანგეთში, პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა ღამეს, სავარაუდო დივერსიის შედეგად რამდენიმე ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი დაზიანდა. ამის შესახებ საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-მა განაცხადა.
კომპანიის ინფორმაციით, დაზიანდა პარიზიდან ჩრდილოეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით (ლილი-სტრასბურგი-ბორდო) მიმავალი მაღალსიჩქარიანი მატარებლის (TGV) ხაზები.
მედია წერს, რომ თავიდან იქნა აცილებული ცეცხლის გაჩენა კიდევ ერთ ხაზზე, რომელიც სამხრეთით ლიონისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ მიემართება.
იუწყებიან, რომ "მავნებლური ქმედებები " მიზნად ისახავდა სარკინიგზო მომსახურების პარალიზებას. საუბარია ხანძრის გაჩენაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ აშკარად წინასწარ განზრახულ და კოორდინირებულ ქმედებაზე.
დივერსიაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.