კახა კალაძემ „ტვ პირველის“ წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს

26-07-2024 16:30:48 საზოგადოება

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე "ტვ პირველის“ წინააღმდეგ აღსრულების ბიუროს მიმართავს. იგი სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ აღსრულება. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს მოთხოვნები და ისინი ვალდებული არიან, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღასრულონ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახა კალაძის სარჩელი "ტვ პირველისა“ და ამ არხის გადაცემა „დღის ამბების“ წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ. ეს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეცვალეს.

"ტვ პირველში" აცხადებენ, რომ უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ნოემბერში მიიღო, მერმა კი აღსრულების ბიუროსთვის მიმართვა რვა თვის შემდეგ, ივლისში გადაწყვიტა. "რადიო თავისუფლების" ცნობით, ტელეარხის მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამ ფაქტს უკავშირებს კახა კალაძის ქონების შესახებ მასალაზე მუშაობას. სიუჟეტი ეთერში 27 ივლისს უნდა გავიდეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთება, რომ თბილისის მერის მიზანი არ ყოფილა ინფორმაციის გასწორება. ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო ფინანსური წნეხის განხორციელება... ტელევიზიას უჭირს საოპერაციო ხარჯების დაფარვაც კი. არხს არ აქვს თავისუფალი თანხა, რომლითაც მოახერხებს ამ ჯარიმის გადახდას“, - განუცხადა ნოდარ მელაძემ "რადიო თავისუფლებას".

კალაძემ სასამართლო დავა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიწყო. თბილისის მერის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. კალაძე სასამართლოს სთხოვდა, მოპასუხე მხარეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალებინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები