მოზარდების მკვლელობა ხორავაზე: ერთ–ერთ მსჯავრდებულთან საპროცესო ფორმდება

22-01-2020 12:16:34 სამართალი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

პროკურორი არ საუბრობს პირობების შესახებ, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ჯანაშიამ წარდგენილი ბრალი აღიარა.

საპროცესო შეთანხმება მიღწეულია გ.ჯ.-სთან მიმართებით. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ, ამის გათვალისწინებით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება. პირობებთან დაკავშირებით, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის შეთანხება შედგა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. თუმცა, ამ ეტაპზე მან მის მიერ განხორციელებული ქმედება აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორებული იქნა საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა პროკურორმა უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე.

როგორც ცნობილია, ჯანაშია საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვის ფარგლებში ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაიკითხა და კალანდიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, ჯანაშიამ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ფარდულთან, კერძოდ, დავით სარალიძესთან ახლოს მდგომი ბრალდებული მიხეილ კალანდია დაინახა, რომელსაც ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა.

მსჯავრდებულის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იგივე ჩვენება მისცა და იგივე გარემოებებზე ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც მას საკუთარ ჩვენებებში აქამდეც უსაუბრია.

„ჩემი პასუხი იქნება, რომ მე წლებს არ ვითვლი. არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს, მთავარია სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის: 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან დაკავებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდიაც, თუმცა ამ დროისთვის პირველ ინსტანციას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში და 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა: ჯანაშია დამნაშავედ სცნეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში და სასჯელი 11 წლამდე გაეზარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილიში.

სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დააკავეს სამართალდამცველებმა კალანდია და ბრალად ჯგუფური მკვლელობა წარუდგინეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები