Accentnews.ge
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

29/07/2024 04:09:07 სამართალი

დღეს ოპოზიცია ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანს.

"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ენმ–ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული "აგენტების კანონის" კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.

საკონსტიტუციო სასამართლოში ეს კანონი უკვე გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S