
ლიბანმა გოლანის მაღლობებზე "ჰეზბოლას" დარტყმა დაგმო
29/07/2024 09:10:42 მსოფლიო
ლიბანის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაგმო "ჰეზბოლას" სარაკეტო დარტყმა გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ შამსზე, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა უმეტესობა არასრულწლოვნები არიან.
"ლიბანის ხელისუფლება გმობს ძალადობის ყველა აქტს და თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებზე. მხარეებს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ყველა ფრონტზე"- ნათქვამია ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნაჯიბ მიკატის ოფისის განცხადებაში.
27 ივლისს "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა. რაკეტების ნაწილი ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებისკენ იყო მიმართული. ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ მაჯდალ შამსის საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ.
IDF-ის პრესსპიკერის დენიელ ჰაგარის თქმით, პირველადი გამოძიებით დადგინდა, რომ დარტყმა ირანის მარიონეტულმა "ჰეზბოლამ" განახორციელა. ჰაგარის თქმით, იძიებენ, რატომ ვერ გაუმკლავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა რაკეტას.
"ჰეზბოლამ გადაკვეთა ყველა შესაძლო წითელი ხაზი, პასუხი იქნება შესაბამისი",– თქვა ისრაელის საგარეომ.
ვაშინგტონში ვიზიტი დროზე ადრე შეწყვიტა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბიბი ნეთანიაჰუმ და თქვა რომ "ჰეზბოლა" "არნახულ საზღაურს" გადაიხდის.
"ჰეზბოლას" სარაკეტო იერიშს წინ უძღოდა ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმა ლიბანის ტერიტორიაზე, რომელსაც დაჯგუფების 4 მებრძოლი ემსხვერპლა.
ისრაელის მიმართულებით შეტევები ჰეზბოლამ "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ მალევე დაიწყო. თვეების განმავლობაში ისრაელი-ლიბანის საზღვარზე დაპირსპირება პერიოდულად მწვავდებოდა. ბოლო თვეებში გამწვავებულ რიტორიკასთან ერთად საჰაერო, საარტილერიო, თუ დრონის შეტევები უფრო მასშტაბური ხასიათისაა.
ისრაელის არმიის ხელმძღვანელობაში ამბობდნენ რომ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება კრიტიკულ წერტილს უახლოვდებოდა. ამ ფონზე ისრაელის ომის კაბინეტში სულ უფრო აქტიურად ისმის მოწოდებები "ჰეზბოლას" წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების აუცილებლობის შესახებ. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ისრაელის ერთ-ერთ მთავარი მიზანი საზღვრის ზოლიდან "ჰეზბოლას" დანაყოფების 10-15 კილომეტრით ჩაჩოჩებაა.