დაავადებათა კონტროლის ცენტრი „ჩინურ ვირუსთან“ დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს

22-01-2020 13:34:46 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია, თუმცა ის რეკომენდაციებს გასცემს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩინეთში მიფრინავენ, ან უკვე უმყოფებოდნენ ჩინეთში და საქართველოში დაბრუნდნენ:

"ვუჰანში წამსვლელები მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთნ კონტაქტს. ეს არის რეკომენდაცია მხოლოდ ვუჰანში წამსვლელებისთვის, ეს არის იმ პროვინციის დედაქალაქი, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. ასევე მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველების ბაზრებს და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს და თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს. ხშირად დაიბანეთ ხელები, ხოლო მასზე ხელმისაწვდომობის არ ქონის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სითხეები“.

გამყრელიძის ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს ჩამოყალიბებული აქვს შიდა სამუშაო გეგმა:

"ხვალ, 10:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან, სადაც წარვსდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთდ, იქნება კოორდინირებული მუშაობა".

ითხვის საპასუხოდ გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულების შემოწმება "ჯერ არ ხდება".

ჩინეთის ხელისუფლებამ კი უკვე დაადასტურა, რომ ვირუსი ერთ-ერთი ქალაქის ველური ცხოველების არალეგალური ბაზრობიდან გავრცელდა. დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 440-ს მიაღწია ინფიცირებულთა რიცხვმა. ვირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზი ჩინეთის 14 რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს დაუდგინეს.ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს.

ექიმების თქმით, დაავადების სიმპტომებია: სურდო, ხველება, ყელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. ასევე, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ პნევმონიისა და ბროქნიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

დაავადება უკვე დაფიქსირდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები