
შოიგუს მოადგილეს თავდაცვის ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდი რუბლის მითვისება ედება ბრალად
29/07/2024 14:43:50 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, არმიის გენერალ დიმიტრი ბულგაკოვს ჯარისთვის შეძენილი საკვების ფასის გაზვიადების გზით თავდაცვის ბიუჯეტისთვის 1,3 მილიარდი რუბლის ზარალის მიყენება და ამ თანხის მითვისება ედება ბრალად, - იუწყება ТАСС საქმის მასალებზე დაყრდნობით.
69 წლის ბულგაკოვი მიმდინარე წლის 26 ივლისს დააკავეს. ამჟამად იგი ბუტირკის იზოლატორში იმყოფება.
ბულგაკოვი 2008 წლიდან 2022 წლამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის საკითხებს კურირებდა. ის თანამდებობიდან 2022 წლის 24 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადებიდან მალევე გადააყენეს.
ბულგაკოვს რუსეთის გმირის წოდება 2016 წელს მიენიჭა "სირიაში რუსული ჯგუფის მომარაგების ორგანიზებისთვის".
ის თანამდებობაზე 2022 წელს შეცვალა გენერალმა მიხაილ მიზინცევმა, რომელიც, თავის მხრივ, თანამდებობიდან 2023 წლის აპრილში გადააყენეს.
ბულგაკოვი კიდევ ერთი მაღალი რანგის სამხედრო პირია, რომელიც ბოლო თვეებში სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მოექცა. აპრილში დააკავეს ტიმურ ივანოვი, თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე. ბულგაკოვისგან განსხვავებით, ივანოვი დაკავების დროს მინისტრის აქტიური მოადგილე იყო.