
გერმანიაში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა
29/07/2024 14:53:41 მსოფლიო
გერმანიაში, BASF-ის ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 14 თანამშრომელი დაშავდა.
აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა მაღალი დაკვამლიანების გამო ქალაქ ლუდვიგსჰაფენისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობას სახლებში დარჩენა და ფანჯრების დახურვა ურჩიეს.
თავად ქარხნის ადმინისტრაციის განმარტებით, აფეთქების შემდეგ BASF-ის ტერიტორიაზე და მიმდებარე რაიონებში ნახშირწყალბადის დონის უმნიშვნელო მატება დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. სამართალდამცველი ორგანოები და ექსპერტები აფეთქების გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ხანძარი მოხდა ბერლინში მდებარე Diehl-ის ქარხანაში. ზარალმა მილიონობით დოლარი შეადგინა.