
საქართველოში დამზადებული სუბლიმირებული პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე გადის
29/05/2019 16:50:26 ეკონომიკა
კომპანია "გემუანის" 80-მდე დასახელების პროდუქტმა უკვე მიიღო ევროკავშირის ბაზარზე დასაშვებად IFS სერტიფიკატი, რომელიც ISO სტანდარტზე გაცილებით მაღლა დგას. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
როგორც bm.ge-თან კომპანიის გენერალური დირექტორი ნონა თორდია აცხადებს, აღნიშნული სერტიფიკატი მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობისთვის არის საჭირო, რადგან ისინი არა რითეილში შესვლას, არამედ როგორც მიმწოდებლები, ისე აპირებენ ევროკავშირის ბაზარზე ოპერირებას.
საწარმო, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს და მუდმივად 22 ადამიანს ასაქმებს, წლიურად 33 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს.
ამ ეტაპზე ზუგდიდში წარმოებული, ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტები, აშშ-ის ბაზარზე, რუსეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იყიდება.
საწარმოს შესაქმნელად 2016 წელს 2 მილიონ დოლარამდე ქართული ინვესტიცია განხორციელდა. მას შემდეგ, რაც "გემუანის" პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე გავა, საწარმო გაფართოვებას განიხილავს.