
ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა
30/07/2024 05:41:31 მსოფლიო
ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა. გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია.
საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
როგორც BBC-ს კორესპონდენტი იუწყება, კარაკასში დემონსტრანტები პროტესტს ჯერ ქვაბების და ტაფების ბრახუნით გამოხატავდნენ, მოგვიანებით კი, როცა პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, დაძაბულობა გაიზარდა. ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილები, საბურავები და ნაგვის ურნები დაწვეს. პოლიციელებმა და სამხედროებმა, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი მათ ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინეს.
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, პროტესტმა სტიქიურად იფეთქა, რადგან ოპოზიციის ლიდერებს მოქალაქეებისთვის აქციებისკენ არ მოუწოდებიათ.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „თავისუფლება“, „ეს ხელისუფლება დაემხობა“ და გზად ხევდნენ და წვავდნენ კედლებსა და ბოძებზე გამოკრულ მადუროს პორტრეტებს.
BBC-ს ცნობით, პოლიციელებსა და სამხედროებთან ერთად დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ მადუროს ხელისუფლების მხარდამჭერი მემარცხენე გასამხედროებული ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც „კოლექტივოს“ უწოდებენ.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. 2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.