Accentnews.ge
რუსული საპატიმროებიდან ერთ დღეში ოთხი პოლიტპატიმარი გაუჩინარდა

რუსული საპატიმროებიდან ერთ დღეში ოთხი პოლიტპატიმარი გაუჩინარდა

30/07/2024 06:30:12 მსოფლიო

ოთხი რუსი პოლიტპატიმარი წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან და კოლონიებიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 24 საათში გაუჩინარდნენ "მემორიალის" თანადამფუძნებელი, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი; მხატვარი ალექსანდრა სკოჩილენკო; ასევე ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელები ლილია ჩანიშევა და ქსენია ფადეევა. მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჩანიშევას გაუჩინარება მისმა ქმარმა ალმაზ გატინმა აღმოაჩინა 28 ივლისს, როდესაც ამანათი მიიტანა პერმის ტერიტორიაზე არსებულ კოლონიაში. კოლონიაში მას უთხრეს, რომ პატიმარმა 26 ივლისს „დატოვა“ დაწესებულება და უარი თქვეს სხვა ინფორმაციის მიწოდებაზე.

ფადეევაც ასევე არ იმყოფებოდა ნოვოსიბირსკის კოლონიაში, როდესაც მისი ადვოკატი მივიდა პატიმრის სანახავად 29 ივლისს. კოლონიაში უარი თქვეს დაზუსტებაზე, თუ სად, როდის და რატომ გადაიყანეს პატიმარი.

ალექსანდრა სკოჩილენკოს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მისმა მხარდამჭერმა ჯგუფმა გაავრცელა. მხატვარი 28 ივლისს, სანქტ-პეტერბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სავარაუდოდ, მოსკოვში გადაიყვანეს.

ოლეგ ორლოვი 29 ივლისს სიზრანის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაუჩინარდა. ადვოკატს აცნობეს, რომ მსჯავრდებული „გადაიყვანეს", მაგრამ დაზუსტებაზე უარი განაცხადეს.

პოლიტოლოგი აბას გალიამოვი აღიარებს, რომ ოთხი პოლიტპატიმრის ერთდროული გაუჩინარება შეიძლება იყოს ხელისუფლების ოპერაცია, რომლის მიზანია „ოპოზიციური საზოგადოების აღელვება“: „რაც უფრო ხმამაღალი იქნება სკანდალი და რაც უფრო ძლიერი იქნება საპროტესტო განწყობა, მით უფრო მეტ უფლებამოსილებას მოითხოვენ ისინი საბოლოოდ პუტინისგან“, განმარტავს ის და დასძენს, რომ ამ გზით უსაფრთხოების ბლოკის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიიღონ უფლება, ჩაერიონ იმ პროცესებში, რომლებსაც მათთან კონსულტაცის გარეშე მართავენ პირები „ტექნოკრატების“ ბანაკიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S