
დიდმა ბრიტანეთმა რუს მილიარდერ პიოტრ ავენს თითქმის $1 მილიონი ჩამოართვა
30/07/2024 06:48:21 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) პირველად მიაღწია სანქცირებული თანხების კონფისკაციას დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ კანონის მიხედვით.
რუსი მილიარდერის პეტრ ავენას აქტივების მმართველი დათანხმდა, 750 ათასი ფუნტი სტერლინგი (963 ათასი აშშ დოლარი) გადაერიცხა ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის სანქციების თავიდან აცილების გამოძიების დასასრულებლად.
როგორც NCA-ის განცხადებაშია ნათქვამი, ფული ავენს ეკუთვნოდა, თუმცა მის სახელზე არ იყო რეგისტრირებული - თანხები გაყინული იყო 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც მილიარდერი დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ ამ თანხის გადატანის მცდელობები, ისევე როგორც 2022 წლის 15 მარტის შემდეგ განხორციელებული ტრანზაქციები, არღვევს სანქციებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიტანულ ბანკებში შენახული ფულის კონფისკაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ავენის მეუღლემ და მისი ქონების მმართველმა გუნდმა აღიარეს, რომ ეს თანხები შესაძლოა, არაკანონიერი მიზნებისთვის ყოფილიყო გამოყენებული.
როგორც NCA-ს იურისტებმა განაცხადეს, თავად ავენს არ აქვს საბანკო ანგარიში დიდ ბრიტანეთში, მაგრამ იგი ეჭვმიტანილია მისი მეუღლისა და ქონების მართვის კომპანიების ანგარიშების გამოყენებაში.
გამოძიება ეხებოდა დაახლოებით 3,7 მილიონი ფუნტი სტერლინგის (4,8 მილიონი აშშ დოლარი) გატანას ავსტრიიდან დიდ ბრიტანეთში სანქციების დაწესებამდე რამდენიმე საათით ადრე.