Accentnews.ge
რუსეთმა, თურქეთმა და პალესტინამ დაგმეს ჰანიეს მკვლელობა, "ჰამასი" პასუხით იმუქრება

რუსეთმა, თურქეთმა და პალესტინამ დაგმეს ჰანიეს მკვლელობა, "ჰამასი" პასუხით იმუქრება

31/07/2024 06:37:59 მსოფლიო

რუსეთმა და თურქეთმა თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაგმეს.

„ეს აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ჰანიეს მკვლელობა ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელებას ისახავს მიზნად.

პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა "ჰამასმა" განაცხადა, რომ თავისი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა უპასუხოდ არ ჩაივლის. ამის შესახებ CNN-ი იუწყება "ჰამასის" პოლიტბიუროს წევრ მუსა აბუ მარზუკის განცხადებაზე დაყრდნობით.

მან ჰანიეს მკვლელობას "ლაჩრული აქტი" უწოდა.

BBC-ს ცნობით, "ჰამასის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰანიეზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება და რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს.

პალესტინური სააგენტო WAFA-ს ცნობით, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაგმო პალესტინის ავტონომიის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა.

სხვადასხვა პალესტინურმა ორგანიზაციამ ჰანიეს მკვლელობის გამო პალესტინელებს მოუწოდა მასობრივი დემონსტრაციებისა და გაფიცვისკენ.

31 ივლისს "ჰამასმა" და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადეს, რომ თეირანში მოკლულია "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე და თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულეს. ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი 30 ივლისს თეირანში ესწრებოდა ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას.

"ჰამასის" ცნობით, ისმაილ ჰანიე დაიღუპა თეირანის შტაბ-ბინაზე დარტყმის შედეგად.. ზოგიერთი არაბული მედიასაშუალების ინფორმაციით, შენობაზე, სადაც ჰანიე იმყოფებოდა, სარაკეტო შეტევა იყო.

ისრაელმა "ჰამასის" და მისი ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად აიყვანეს.

ისმაილ ჰანიემ ღაზას სექტორი ჯერ კიდევ 2019 წელს დატოვა და კატარში ცხოვრობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S