
მედია: რუსულ საპატიმროში დაიღუპა სამხედრო ტყვე, რომელიც "აზოვის" პოლკში მსახურობდა
31/07/2024 13:41:29 მსოფლიო
უკრაინელი სამხედრო ტყვე ალექსანდრე იშჩენკო, რომელიც მძღოლად მსახურობდა "აზოვის" პოლკში, რუსეთის დონის როსტოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში დაიღუპა. ამის შესახებ სამხრეთ ოლქის სამხედრო სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც იშჩენკოსა და უკრაინული "აზოვის" პოლკის კიდევ 23 სავარაუდო წევრის საქმეს განიხილავდა, – იუწყება "მედიაზონა".
მედია წერს, რომ დაღუპვის ზუსტი თარიღი და მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი დაკავების ცენტრის ადმინისტრაციას სასამართლოსთვის სამხედრო ტყვის დაღუპვის დამადასტურებელი დოკუმენტები ჯერ არ მიუწოდებია.
ალექსანდრე იშჩენკო 55 წლის იყო. 2022 წლის 25 თებერვალს ის შეუერთდა "აზოვის" პოლკს, როგორც სამხედრო მძღოლი. იშჩენკო 2022 წლის გაზაფხულზე, მარიუპოლში დაატყვევა.
მედიის ცნობით, 16 ივნისს სამხრეთ რაიონულმა სამხედრო სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა უკრაინული "აზოვის" პოლკის 24 ყოფილი სავარაუდო წევრის წინააღმდეგ. მათ ბრალი ედებათ "ტერორისტულ ორგანიზაციაში" მონაწილეობა. საქმე ეხება, მათ შორის, მარიუპოლში აზოვსტალის თავდაცვის მონაწილეებს. ორი - დავით კასატკინი და დიმიტრი ლაბინსკი - უკვე გაცვალეს რუს სამხედრო ტყვეებში და მათ დაუსწრებლად ასამართლებენ. ბრალდებულებს შორის ცხრა ქალია, მათი უმეტესობა მზარეულია, რომლებიც საჭმელს ამზადებდნენ "აზოვის" პოლკის ჯარისკაცებისთვის.
"მემორიალმა" ამ საქმეში ბრალდებულები პოლიტპატიმრებად აღიარა. უფლებადამცველების თქმით, რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება "აზოვის" პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ უკანონოა და, შესაბამისად, უკანონოა „ტერორისტული“ მუხლებით წაყენებული ბრალდებები, რომლებიც ეფუძნება ამ ქვედანაყოფში მონაწილეობას.