ბლინკენი: აშშ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს

31-07-2024 17:50:52 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელიც ქართველ ხალხს სარგებელს მოუტანს.

"საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ მიმდინარე წლის 23 მაისს განვაცხადე. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რომელიც საქართველოს მთავრობას პირდაპირ სარგებელს მოუტანს.

საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობას ვუჩერებთ დახმარებას, შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ჩვენს ორ ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის 32– წლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის მანძილზე ამერიკელმა ხალხმა 6,2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებას. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებას, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებას, მასწავლებლების, სახელმწიფო მოხელეების და ჯანდაცვის მუშაკების მომზადებას. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული", – ნათქვამია განცხადებაში.

ბლინკენის განცხადების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა სოციალურ ქსელში. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში კი მისი განცხადება აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები