სომხეთში "კანონიერი ქურდობა" დასჯადი ხდება

22-01-2020 20:28:35 კავკასია

სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „კანონიერი ქურდებისა“ და მათი ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ. მიღებული კანონით, პირებს, რომლებსაც დაუმტკიცდებათ „დანაშაულებრივი სუბკულტურული ჯგუფის შექმნა ან ლიდერობა“ და მათ, რომლებიც „კანონიერ ქურდებად“ იწოდებიან, 10 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.

თუკი დანაშაულებრივი ჯგუფი შეიქმნება პატიმრის, „კანონიერი ქურდის“, სამხედრო ოფიცრის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ, სასჯელი შეიძლება, 12 წლით პატიმრობამდე გაიზარდოს.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ეთნიკურ ქართველებთან ერთად სომხები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ „კანონიერი ქურდების“ იერარქიაში. რუსეთმა მსგავსი კანონი 2019 წელს მიიღო. საქართველომ კი – 2004 წელს.

ცნობისთვის: 2018 წლის მონაცემებით, 400–მდე აქტიური „კანონიერი ქურდია“, მათგან 56% ქართული წარმოშობისაა, 12% – რუსული, 7% – სომხური, 4% – აზერბაიჯანული, 3% – აფხაზური, 2%– ჩეჩნური და ებრაული.

ვინაიდან საქართველოში "კანონიერი ქურდობა" წლებია, ოფიციალურად დასჯადია, მათ სხვადასხვა ქვეყნებს შეაფარეს თავი, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და თურქეთს. მედია ხშირად წერდა კრიმინალური ავტორიტეტების შეკრების შესახებ, მათ შორის სომხეთში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები