მოლდოვაში, პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სახელმწიფო ღალატის საქმეზე ორი პირი დააკავეს

31-07-2024 20:17:14 ევროპა

31 ივლისს მოლდოვის პროკურატურამ ქვეყნის პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სახელმწიფო ღალატის საქმეზე ორი პირის დაკავების შესახებ განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს 2023 წლიდან სჩადიან. ერთ-ერთი დაკავებული ეჭვმიტანილია სამშობლოს ღალატში მას შემდეგ, რაც შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია საელჩოს თანამშრომელს, რომელიც „მოლდოვას ინტერესების საზიანოდ“ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მედია წერს, რომ საუბარია რუსეთის საელჩოზე.

მეორე ოფიციალური პირი ეჭვმიტანილია მოლდოვას წინააღმდეგ შეთქმულებაში და პირადი სარგებლობისთვის ქმედებებში. ის ასევე „ინარჩუნებდა კონტაქტს საელჩოს თანამშრომელთან, რათა შეეგროვებინა და გადაეცა მისთვის ინფორმაცია მოლდოვას რესპუბლიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოსაყენებლად“.

მანამდე მედია წერდა, რომ მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის იონ კრეანგას წინააღმდეგ ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და პარლამენტში საგამოძიებო მოქმედებებიც ამასთან არის კავშირში. წყაროების ცნობით, საჯარო მოხელე "ფაქტზე დაიჭირეს, როდესაც კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ინფორმაციას გადაცემდა".

ივნისში, The Insider-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი იგორ გორგანი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა მოლდოვაში რუს სამხედრო ატაშესთან ალექსეი მაკაროვთან. მას ჟურნალისტებმა რუსული სამხედრო დაზვერვიდან "კურატორი" უწოდეს. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები