31-07-2024 22:10:09 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიეკრის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს მთავრობისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებაზე და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, სულ უფრო აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.
“დღეს დილით სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები დახმარების 95 მილიონ დოლარს გაყინავს, რომელიც საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ უნდა წასულიყო. აშშ ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
გვახსოვდეს, რომ საქართველოს ხალხის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას სულ უფრო აშორებს მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან",– თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ამასთან, პატელის თქმით, ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს და აშშ მზად არის, დამატებითი ქმედებები განახორციელოს, თუ ამის საჭიროება იქნება:
"გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე “უცხოური გავლენის” კანონის, სხვა პრობლემური კანონპროექტების გაწვევით, თავისი დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებითა და არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით. ეს ქმედებები შესაბამისი იქნება დემოკრატიული პარტნიორის მიერ აშშ-ის მხრიდან დახმარების მიღებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებულ გამომწვევ მომენტშია. აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების ერთგულება მყარია. გავაგრძელებთ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით".
მან თქვა, რომ აშშ გააგრძელებს უფრო ფართო ორმხრივი ურთიერთობების შეფასებას"
"დახმარების პროგრამები, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ “ქართული ოცნების მთავრობისთვის, გაჩერებული იქნება, ამავდროულად გავაგრძელებთ უფრო ფართო ორმხრივი ურთიერთობების შეფასებას. ზოგიერთ შემთხვევაში, დახმარების პროგრამების შეიძლება მოდიფიცირებულ იქნას, რათა რესურსები არასამთავრობო ერთეულებს გადაეცეთ, რომლებიც კონკრეტულ სექტორში მუშაობენ".
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.