
ჩინეთი 1 სექტემბრიდან ზღუდავს დრონების ექსპორტს
31/07/2024 19:56:30 მსოფლიო
ჩინეთმა გადაწყვიტა, 1 სექტემბრიდან აკრძალოს ყველა იმ ტიპის დრონის ექსპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობნებაში.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებაში" დრონების გამოყენების თავიდან ასაცილებლად, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ინფრაწითელი აპარატურა, ლაზერები და მაღალი სიზუსტის ინერციული საზომი აღჭურვილობა შედის ექსპორტის კონტროლის სიაში.
განცხადება გავრცელდა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ჩინეთის კრიტიკის ფონზე, რუსეთისთვის სამხედრო პროდუქციის სავარაუდო მიწოდების გამო.
ერთი დღით ადრე, აშშ–მა სანქციები დააწესა კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამის ძირითადი კომპონენტების შესყიდვაში. კერძოდ, ჩინური კომპანიების.
ნატოს ლიდერებმა ამ თვეში ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ჩინეთი არის "გადამწყვეტი ფაქტორი" რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, რადგან პეკინისა და მოსკოვის "უსაზღვრო" პარტნიორობა და მისი "ფართო მხარდაჭერა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზისადმი" მოსკოვს ომის წარმოების საშუალებას აძლევს.
დასავლური მედიის ცნობით, უკრაინის ომის დროს ჩინეთი გახდა რუსეთის მთავარი მიმწოდებელი სხვადასხვა იარაღისთვის საჭირო პროდუქციის, მათ შორის რაკეტებისთვის. მაგალითად, Financial Times წერდა, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ იმპორტირებული ჩიპების 90% ჩინეთიდან იყო და გამოყენებულ იქნა რაკეტების, ტანკებისა და დრონების წარმოებაში. გასული წლის ბოლო კვარტალში, ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში გამოყენებული ჩარხების 70% იმპორტირებული იყო ჩინეთიდან.
ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ აწვდის იარაღს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის არცერთ მხარეს, რომელსაც ისინი "უკრაინის კრიზისს" უწოდებენ.
პეკინს აკრიტიკებენ მოსკოვთან კავშირისა და უარის გამო, დაგმოს რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო.