განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ნაცემი კაცის მდგომარეობა კრიტიკულია

01-08-2024 13:23:23 საზოგადოება ,სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ნაცემი რევაზ მიხანაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმის თქმით, კრიტიკულია.

"ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, ასევე თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და ქალა-სარქვლის მოტეხილობა თავის ტვინის შეშუპება ცდომით. ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია ზოგადრეანიმაციულ განყოფილებაში“, - თქვა ექიმმა.

შემთხვევა სოფელ ატენში მოხდა, საიდანაც ბრალდებული და დაზარალებული არიან.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში",– განაცხადეს სსს–ში.

დაზარალებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ინციდენტში ერთზე მეტი პირი იღებდა მონაწილეობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები