Euronews Georgia საქართველოს ამბების გაშუქებას წყვეტს
09/01/2026 19:38:00 პოლიტიკა, საზოგადოება
ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ის საქართველოს მიმდინარე ამბებს აღარ გააშუქებს და საერთაშორისო კონტენტით შემოიფარგლება.
“შპს სილქ მედიაში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება.
განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის მუდმივად განახლებად, მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ევრონიუს ჯორჯია“ 2020 წელს ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა „ევრონიუსმა და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“ პარტნიორული ხელშეკრულებით დააფუძნეს. მაშინ „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანმჯდომარე, გიორგი რამიშვილი აცხადებდა: “დარწმუნებული ვარ, ევრონიუს ჯორჯია სასარგებლო იქნება საზოგადოებისათვის”.
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა, 2025 წლის ივნისში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით. მოგვიანებით ის გირაოთი გაათავისუფლეს.


