
ზელენსკი: ზედმეტი არაფერი გვჭირდება, ვისურვებდი, ჩინეთს პრინციპული პოზიცია ჰქონდეს
01/08/2024 11:13:44 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან რუსეთზე ჩინეთის გავლენაზე ისაუბრა.
„თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია, რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს – ჩინეთი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი გავლენიანი ძალაა",– თქვა ზელენსკიმ და განაგრძო, რომ ისურვებდა, პეკინს არა უამავლის მისია ჰქონდეს, არამედ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს ისევე, როგორც ამას ევროპის ქვეყნები და აშშ აკეთებენ.
მან ხაზი გაუსვა, რომ რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო, რუსეთზე ზეწოლაც უფრო ეფექტური იქნება და "შედეგის მიღწევაც სწრაფად მოხდება":
„ამიტომ, ვისურვებდი, რომ ამ ომთან დაკავშირებით ჩინეთს უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს, რათა მათ რუსები შეაჩერონ. ჩვენ ზედმეტი არაფერი გვჭირდება. დამატებითი მხარდაჭერა არ არის საჭირო. ყველაფერი საერთაშორისო სამართალზე უნდა იყოს დაფუძნებული. ვისურვებდი, რომ ჩინეთს ასეთი პრინციპული პოზიცია ჰქონდეს“.
ნატოს ლიდერებმა ამ თვეში ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ჩინეთი არის "გადამწყვეტი ფაქტორი" რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, რადგან პეკინისა და მოსკოვის "უსაზღვრო" პარტნიორობა და მისი "ფართო მხარდაჭერა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზისადმი" მოსკოვს ომის წარმოების საშუალებას აძლევს.
დასავლური მედიის ცნობით, უკრაინის ომის დროს ჩინეთი გახდა რუსეთის მთავარი მიმწოდებელი სხვადასხვა იარაღისთვის საჭირო პროდუქციის, მათ შორის რაკეტებისთვის. მაგალითად, Financial Times წერდა, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ იმპორტირებული ჩიპების 90% ჩინეთიდან იყო და გამოყენებულ იქნა რაკეტების, ტანკებისა და დრონების წარმოებაში. გასული წლის ბოლო კვარტალში, ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში გამოყენებული ჩარხების 70% იმპორტირებული იყო ჩინეთიდან.
ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ აწვდის იარაღს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის არცერთ მხარეს, რომელსაც ისინი "უკრაინის კრიზისს" უწოდებენ.
პეკინს აკრიტიკებენ მოსკოვთან კავშირისა და უარის გამო, დაგმოს რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო.