
მედია: რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლა იგეგმება
01/08/2024 11:24:44 მსოფლიო
რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლა იგეგმება - ამის შესახებ დასავლური მედია წერს. ამასთან, War Tracker აქვეყნებს იმ პატიმრების სიას, რომლებსაც სავარაუდოდ, შეეხებათ გაცვლა.
ამ ცნობების მიხედვით, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ამერიკელი ჟურნალისტი. კერძოდ, სავარაუდო სია ასე გამოიყურება.
რუსეთი ათავისუფლებს:
▪️ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა;
▪️ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი;
▪️ The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი
▪️ უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალის" თანადამფუძნებელი ოლეგ ორლოვი;
▪️ მხატვარი საშა სკოლიჩენკო;
▪️ ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი ქსენია ფადეევა;
▪️ უფაში ნავალნის შტაბის ხელმძღვანელი ლილია ჩანიშევა;
▪️ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი;
▪️ რუსეთის და გერმანიის ორმაგი მოქალაქე კევინ ლიკი;
▪️ RusNews-ის ჟურნალისტი მარია პონამარენკო.
თუმცა, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება წერს, რომ რუსეთი 20–30 პატიმრის გასაცვლელად ემზადება.
ბელარუსი:
▪️ გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი; (ცოტა ხნის წინ ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის მიერ მისი შეწყალების შესახებ გახდა ცნობილი. მას სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი.)
დასავლეთის მხრიდან შეიძლება, გაიცვალოს:
▪️ გერმანია - საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი; (მის რუსეთში დაბრუნებას დიდი ხანია, ცდილობს რუსეთი, თუმცა გერმანია მსგავს გაცვლას არ სთანხმდებოდა. ამ შემთხვევაში როლი სავარაუდოდ, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ გერმანიის მოქალაქისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანამ ითამაშა. )
▪️ აშშ - რუსეთის მოქალაქეები: ალექსანდრ ვინნიკი, რომან სელეზნიოვი და რომან კლიუშინი, რომლებიც სასჯელს იხდიან კიბერდანაშაულისთვის;
ასევე მაქსიმ მარჩენკო და ვადიმ კონოშენკო, რომლებიც სანქციების გვერდით ავლით რუსეთთან ვაჭრობდნენ (კონოშენკო ეფესბეს პოლკოვნიკია).
▪️ სლოვენია - ცოლ-ქმარი არტიომ და ანა დულცევები, რომლებიც არგენტინის მოქალაქეების საფარქვეშ რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობდნენ.(ტელეგრამ–არხი Mash ირწმუნება, რომ დულცევები კალინინგრადში გადასცეს რუსულ მხარეს).