თურქეთი სომხეთთან საზღვრის გახსნის პირობას ასახელებს

01-08-2024 17:14:51 კავკასია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დადებითად დასრულების შემთხვევაში, თურქეთი სომხეთთან საზღვარს გახსნის.

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ [მოლაპარაკებები] დადებითად დასრულდება. მოქმედებები ამ მიმართულებით მიმდინარეობს. თუ [მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება], დადებით სცენარს განვახორციელებთ. სხვა სიტყვებით – შეგვეძლება საზღვრის გახსნა". - ციტირებს Sabah თურქ მინისტრს.

30 ივლისს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში სპეციალურმა წარმომადგენლებმა – სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა და თურქეთის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში სერდარ კილიჩმა მეხუთე შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა მარგარას განახლებულ საგუშაგოზე შედგა.

მხარეების ცნობით, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა წინა შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებები დაადასტურეს. გარდა ამისა, ისინი შეთანხმდნენ შეაფასონ ტექნიკური მოთხოვნები აჰურიკის/აკიაკას სარკინიგზო სასაზღვრო გამშვები პუნქტის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივება.

"საბოლოოდ, მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატეს თანხმობა, გააგრძელონ ნორმალიზაციის პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რათა მიაღწიონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის საბოლოო მიზანს," - თქვეს სომხეთის საგარეოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები