აშშ–ის ელჩი: გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ

01-08-2024 19:21:49 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გაგრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"გუშინ მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ აშშ აჩერებს დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია", – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დაუბრუნდნენ პირვანდელ კურსს".

"ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი", – დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები