01-08-2024 21:19:51 ინტერვიუ
მტკივნეულია, რომ არავის არაფერი უკითხავს, – ეუბნება "აქცენტს" გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმა – ზურაბი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთისთვის პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გადაცემულ პირებს შორის აღმოჩნდა ვადიმ კრასიკოვიც – ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც გერმანიაში იხდიდა სასჯელს. საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სამშობლო მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დატოვა (დღემდე გამოუძიებელია) და გერმანიაში ეძებდა თავშესაფარს, 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში.
"არადა გავიგებდი, მეც ადამიანი ვარ... რამდენიმე ადამიანს უშვებენ ... დავთანხმდებოდი. უბრალოდ საწყენია, რომ ჩვენს მიმართ ისე იქცევიან, თითქოს ჩემი ძმის მკვლელობა დიდი არაფერი იყოს და ჩვენს აზრსაც არ კითხულობენ",– ამბობს ზურაბ ხანგოშვილი.
მას არც ოფიციალური თბილისის მხრიდან ჰქონდა მისი მოქალაქის საკითხის ირგვლივ საქმეში ჩართულობის მოლოდინი, ვინაიდან, "ზელიმხანზე თავდასხმა მოხდა საქართველოში, არ გამოიძინეს...საქართველოს მთავრობას დღემდე არ გაუკეთებია არც ერთი კომენტარი"
კრასიკოვის გადაცემის გადაწყვეტილება ბერლინისთვის „იოლი არ იყო“,– თქვა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.
მისი თქმით, „სახელმწიფოს ინტერესი მსჯავრდებული კრიმინალის სასჯელის აღსრულება აწონილ–დაწონილ იქნა რუსეთში უსამართლოდ დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანების თავისუფლებასთან, ფიზიკურ კეთილდღეობასთან და – ზოგიერთ შემთხვევაში – სიცოცხლესთან“.
მან ხაზი გაუსვა, რომ გაცვლა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ევროპაში მსჯავრდებული რუსების მოსკოვისთვის გადაცემის წყალობით, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან და რომ მათ 15 ადამიანის დახსნა შეძლეს.
მოსკოვი დიდი ხანია, ცდილობს კრასიკოვის დაბრუნებას. მედიაში არაერთხელ გავრცელდა ცნობები გაცვლის შესაძლო ვარიანტების შესახებ. წარსულში საუბარი იყო ალექსეი ნავალნიზე, შემდეგ – Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გრშკოვიჩზე. თავად კრემლის ლიდერმაც დაადასტურა, რომ განიხილავდა მსგავსი გაცვლის შესაძლებლობას, თუმცა როგორც დასავლური მედია წერდა, ბერლინი არ თანხმდებოდა მსგავს ვარიანტებს. საბოლოოდ, გერმანიის პოზიციაზე გავლენა, როგორც ჩანს, რიკო კრიგერის ბედმა იქონია – გერმანიის მოქალაქის, რომელსაც ბელარუსში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 19 ივნისს. მას მინსკის მახლობლად რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებასთან აკავშირებდნენ.
ვლადიმირ პუტინს მკვლელთან კავშირი პირდაპირ არასდროს უღიარებია. მაგრამ თებერვალში მას “ნამდვილი პატრიოტი” უწოდა და დაამატა, რომ მან “ბანდიტი” მოკლა.
"ვფიქრობ, შიშობდნენ, რომ ალაპარაკდებოდა [ვადიმ კრასიკოვი], აქ თავშესაფარს მოითხოვდა ... ყოველ შემთხვევაში, გასაგებია, რომ იარაღს თვითმფრინავით ვერ ჩამოიტანდა. ეს ადგილზე, რომელიმე დიპლომატის მიერ უნდა იყოს გადაცემული. ანუ რუსეთის საელჩო უნდა იყოს ჩარეული. ის თუ ალაპარაკდებოდა, ზიანი მიადგებოდათ. ან მნიშვნელოვანი "ქსელი" [აგენტურული] აქვთ და შენარჩუნება – გადარჩენა უნდათ, არ გამოვრიცხავ",– გვიზიარებს კრემლის ძალისხმევასთან დაკავშირებით თავის ვარაუდს ზურაბი.
ზელიმხან ხანგოშვილი "აქცენტთან" საუბრობდა, რომ ის რუსული სპეცსამსახურების სამზნე იყო – ბოლოს, სასიკვდილო თავდასხმამდე ორიოდ თვით ადრე.
გერმანულმა გამოძიებამ გაარკვია, რომ ვადიმ კრასიკოვი რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა. გამოცემა “ბელინგქეთი“ წერდა, რომ მას რუსეთში 2013 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. თუმცა 2015 წელს საქმე შეწყდა და ვადიმ კრასიკოვი გაუჩინარდა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში "მაყუჩიანი" პისტოლეტით მოკლეს. პოლიციამ მკვლელი სწორედ მაშინ დააკავა, როდესაც იარაღის გადაგდებას ცდილობდა. მას უპოვეს პასპორტი, რომელიც 2015 წელს ვინმე ვადიმ სოკოლოვზე იყო გაცემული. გერმანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სოკოლოვი იგივე კრასიკოვია და, რომ ხანგოშვილი მან კრემლის დავალებით მოკლა.
"ცხადია, არ გამხარებია [მკვლელის გათავისუფლება], საწყენიცაა, მაგრამ არის მეორე მხარეც – ჩემი ძმის გამო სხვებს გადაარჩენენ",– დასძენს ზურაბი.