"პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

24-08-2019 12:06:43 თვალსაზრისი ,ინტერვიუ

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. "აქცენტის" ინფორმაციით მას მეჩეთთან "ქილერმა" ესროლა. ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა საქართველოში 2015 წელსაც განხორციელდა. მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრთდნენ და როდესაც ხანგოშვილი მანქანაში ჯდებოდა მისი მისამართით 7 ტყვია გაისროლეს. მაშინ ხანგოშვილი გადარჩა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება "ჩიხში შევიდა", ხანგოშვილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ხანგოშვილი მაშინ გამოთქვამდა ეჭვებს გამოძიების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ეჭვებს ის გარემოებაც ამძაფრებდა, რომ "ქილერს" მისი გადაადგილების, პირადი მონაცემების შესახებ დეტალური ცნობები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, ქვეყნისგან თავშესაფარს ამ დრომდე ელოდა, სხვა ქვეყანაში მისი წასვლის მთავარი მოტივი კი ის იყო, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 

"აქცენტმა"  ხანგოშვილთან ერთ-ერთი ინტერვიუ 2016 წელს ჩაწერა, რომლის სრულ ვერსიასაც გთავაზობთ, ვინაიდან საყურადღებო დეტალებს მოიცავს. 


ლოპოტას ხეობის 2012 წლის გახმაურებული სპეცოპერაციის ერთ–ერთი მოწმე ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოდან ოჯახის გახიზვნას ცდილობს, თუმცა მცდელობას თავგადასავლის გარეშე არ ჩაუვლია.

როგორც „აქცენტთან“ საუბრისას თავად ხანგოშვილი ამბობს, ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მისთვის განსაკუთრებით აქტუალური მასზე განხორციელებული თავდასხმისა და შემდეგ მიღებული გარკვეული ინფორმაციების შემდეგ გახდა. საუბარია გასული წლის 28 მაისს ხანგოშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე. სახლიდან გამოსულ ხანგოშვილს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც თავად იხსენებს, ჯამში 8 გასროლა განხორციელდა, მათგან 4 ტყვია მას მხარსა და მკლავის არეში მოხვდა. მას შემდეგ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შედეგები ამ დრომდე არც თავად დაზარალებულის და არც საზოგადოებისთვის არის ცნობილი. 

როგორც ხანგოშვილი ყვება, მომხდარისა და საგამოძიებო პროცესის ჩიხში შესვლის შემდეგ საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა, ამიტომ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და დატოვა კიდეც, მისი მეუღლე და 4 შვილი კი საქართველოში დარჩნენ. 

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახი საქართველოში დარჩა და არც ვაპირებდი მათ წაყვანას, ვფიქრობდი, რომ სიტუაციას მხოლოდ მე გავერიდებოდი გარკვეული პერიოდით, მაგრამ შემდეგ მომივიდა ინფორმაცია, რომ ჩემი მკვლელობა ახალ ჯგუფს მისცეს. ზუსტად ვიცი, რომ დავალების გამცემი „ეფესბეა“, ჩრდილოთ ოსეთშია მათი ჯგუფი მოკალათებული. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავად გადავწყვიტე, რადგან მიუხედავად არაერთი თხოვნისა და ოფიციალური მიმართვისა ქართულმა სახელმწიფომ დაცვა ჩვენთვის არ გამოყო. რიგ წერილებზე უარით მისტუმრებდნენ, ნაწილს კი საერთოდ უპასუხოდ ტოვებდნენ. ამის შემდეგ საკუთარი წყაროებით მივიღე ინფორმაცია „თუ შენ ვერ მოგწვდებიან, შენ ოჯახი არ იქნება უსაფრთხოდო“. საქმე მეუღლეს და მცირეწლოვან ბავშვებს ეხებათ. ცხადია მსგავს გაფრთხილებას უპასუხისმგებლოდ ვერ მოვეკიდებოდი, მით უმეტეს, რომ ჩემი მკვლელობის მცდელობა უკვე რეალურად იყო, ამიტომ მათი ქვეყნიდან გაყვანა გადავწყვიტე და ერთ–ერთ ევროპულ ქვეყანაში გასამგზავრებლად ვიზებიც გავაკეთეთ (ქვეყანას არ ვასახელებ ისევ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე). არ ვფიქრობ, რომ ქართველი ძალოვანები ცუდი განზრახვის შემსრულებლებს ხელს შეუშლიან, პირიქით, შესაძლოა დაეხმარონ კიდეც. დახმარებაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩახმახს მაინც და მაინც ქართველმა გამოჰკრას ხელი, საცხოვრებლისა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც დახმარებაა, მით უფრო რომ დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, ჩემი გადაადგილების შესახებ მკვლელს ინფორმაცია, სწორედ რომ ქართველი ძალოვანებისგან ჰქონდა“,– ყვება ხანგოშვილი.

როგორც ხანგოშვილი ამბობს, იმ დროს, როცა თავს საზღვარგარეთ აფარებდა, მისი მეუღლე არაერთხელ ყოფილა მასთან, თუმცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას პრობლემები არ შეჰქმნია, ამ ჯერზე კი პროცესები განსხვავებულად წარიმართა.

„როდესაც ჩემი ოჯახი ტოვებდა საქართველოს, დაახლოებით 1 საათით გაუგებარი მოტივით დააყოვნეს აეროპორტში. ახსნა–განმარტებით თავი არავის შეუწუხებია, დარბოდნენ საბუთებით, საბოლოოდ კი ქვეყნის ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს. ჩემი ოჯახი რამდენიმე დღით ჩემან გაჩერდა, შემდეგ კი უკვე ხსენებულ ევროპულ ქვეყანაში გაემგზავრა (იქ ახლობლები გვყავს და ვფიქრობდი, რომ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე იზრუნებდნენ), ქვეყანაში ჩასულებს კი ვიზები გაუქმებული დახვდათ. აბსოლუტურად გაუგებარი რამ მოხდა. ჩემი ოჯახის მომწვევს მოწვევა არ გაუუქმებია, უკვე გაცემული ვიზები კი გაუქმდა. ცხადია საკონსულოს საქართველოს ძალოვანი უწყებიდან მიაწოდეს რაღაც ინფორმაცია, რამაც ეს განაპირობა. ალბათ უთხრეს, ტერორისტები არიან, ან რამე მსგავსი. საბოლოოდ, იძულებულები გავხდით თავშესაფარი მეორე ევროპულ ქვეყანაში გვეთხოვა. საფრთხე, რომ რეალურია, ამის მტკიცებულებები არსებობს და იმ ქვეყანაშიც საქმეს გულდასმით მოეკიდნენ. საინტერესოა, რომ ჩემს მეუღლეს უკვე ოთხი მოკლეტექსტური შეტყობინება მიუვიდა მობილურ ტელეფონზე ქართული ნომრიდან ქართულად. შეტყობინებები მუქარის შემცველია, დაახლოებით მსგავსი შინაარსის: „გგქონიათ არ ვიცით სად ხართ და ვერ მოგაგნებთ? სჯობს დაბრუნდეთ და აქ იყოთო“. ამ ნომერზე დარეკვას, რომ ვცდილობ, გამორთულია“,– ამბობს ხანგოშვილი.

ამჟამად ხანგოშვილის ოჯახს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი აქვს და მის საკითხზე სავარაუდოდ სასამართლო იმსჯელებს, ხანგოშვილი კი ვარაუდობს, რომ მთელს ამ დაბრკოლებებში ქართველი ძალოვანების ხელი ურევია.

„უბრალოდ ვერ ვიგებ ჩემგან რა უნდათ, რატომ არიან დაინტერესებულები. როდესაც ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბუნებრივია ამის ჩემზე ზეწოლის მექანიზმად გამოყენების შესაძლებლობა ექნებოდათ და როცა გაყვანა გადავწყვიტე, ალბათ ჩათვალეს, რომ ამ ბერკეტს კარგავდნენ, მაგრამ რა ინტერესი აქვთ? პირში გეუბნებიან, ჩვენ ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, უკაცრავად მაგრამ ასეთი ძმობა მე არ მესმის“,– წუხს ხანგოშვილი.   

რაც შეეხება მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმე, როგორც ხანგოშვილმა უკვე განაცხადა, ის დარწმუნებულია საქმეში რუსული სპეცსამსახურები ფიგურირებენ. 

„თავდაპირველად, როდესაც გამომძიებლებს ვუთხარი, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების ნამოქმედარი იყო,  მიპასუხეს, ნუ იქნები დარწმუნებული, შესაძლოა, სხვის მიერ იყოს გაკეთებულიო. მოგვიანებით კი დამიდასტურეს, რომ  მართალი ვიყავი“,– ამბობს ხანგოშვილი.


როგორც დაზარალებული იხსენებს, ჯერ კიდევ თავდასხმამდე მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ე.წ. „ქილერების“ ჯგუფი იყო შემოსული სამი ადამიანის ლიკვიდაციის დავალებით, თუმცა მან ეს ინფორმაცია სერიოზულად არ აღიქვა. 

„მქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სამი ადამიანის ლიკვიდაცია - ჩემი და კიდევ 2 ქართველი მოქმედი გენერლის. ამ ეტაპზე მათ გვარებს არ ვასახელებ, რადგან არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება. ერთ–ერთ მათგანს ადრე ვესაუბრე და გაირკვა, რომ მასაც ჰქონია მსგავსი ინფორმაცია. ვერ მივხვდი, მე რატომ გამათანაბრეს გენერლებთან და არ აღვიქვი ინფორმაცია სერიოზულად. ამას წინ უძღოდა ჩემს დასა და სიძეზე განხორციელებული ზეწოლა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მათი დაკითხვაზე დაბარება დაიწყეს. თავდაპირველად ეს თითქოს უწყინარ ხასიათს ატარებდა -  უბრალოდ გამოკითხვის სახე ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ნელ–ნელა ზეწოლა გაიზარდა და სერიოზული მუქარის სახეც მიიღო. რუს ძალოვანებს აინტერესებდათ ჩემს შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად რა სახელით და გვარით ვიყავი საქართველოში რეგისტრირებული და ა.შ. საბედნიეროდ, შევძელით, რომ ჩემი ოჯახის წევრები რუსეთის ტერიტორიიდან გაგვეყვანა. ამის შემდეგ მივიღე ის ინფორმაცია, რაზეც უკვე გესაუბრეთ და არ აღვიქვი სერიოზულად, შესაბამისად, არც საკუთარ უსაფრთხოებაზე მიზრუნია, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა ის, რაც მოხდა. ვიცი, რომ ჩემს ლიკვიდაციას კავკასიელების ხელით ცდილობდნენ. მათდა სამწუხაროდ, ცოცხალი გადავრჩი და შესაძლოა, დაგეგმილი ორი მკვლელობაც ამის გამო გადადეს“,– განაცხადა ხანგოშვილმა.

რაც შეეხება მკვლელობის შესაძლო მოტივებს, ის მომხდარს წარსულ საქმიანობას, უკავშირებს კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას.

„მე საქართველოში მტრები არ მყავს. რაც შეეხება რუსული სპეცსამსახურების მოტივებს, არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ. გარდა ამისა, კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა თანხა და ეს მათთვის, ასე ვთქვათ,  ფულის კეთების წყაროც არის. ამასთან, ქართველმა გამომძიებლებმა მითხრეს, თითქოს ბესლანის საქმესთან მქონია კავშირი. სისულელეა! დავიწყოთ იმით, რომ ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მქონია და თავად ამბის თაობაზე ტელევიზიით შევიტყვე. თუ არ ვცდები, მაშინ აზერბაიჯანში ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. ამ საქმესთან ჩემს კავშირს ვერაფრით დაადასტურებენ. ამასთან, თუ რუსულ მედიას გადაავლებთ თვალს, უამრავ რამეში მადანაშაულებენ, მათ შორის - ტერაქტების განხორციელებაშიც. ეს ტყუილია. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემს მიერ განხორციელებული რომელიმე ქმედების დროს თუნდაც ერთი სამოქალაქო პირი დაშავებულიყოს, არათუ დაღუპულიყოს! რაც შეეხება რუს სამხედროებს, ვიმეორებ, ჩეჩნეთის ომში ვიბრძიოდი. თავდასხმამდე მომაწოდეს ინფორმაცია, რუსები საქართველოში ნიადაგის მომაგრებას ცდილობენ და პოტენციური მოწინააღმდეგეების გაწმენდას შეეცდებიან, ამიტომ ფრთხილად იყავიო. ამისთვისაც არ მიმიქცევია თავის დროზე ყურადღება “,– ირწმუნება ხანგოშვილი.

თავდასხმასთან დაკავშირებით ქართველი ძალოვანების პოზიცია მას კითხვის ნიშნებს უჩენს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათ საკმარისი ინფორმაცია აქვთ და ნების შემთხვევაში კონკრეტული ბრალდებულიც გამოიკვეთებოდა.

„როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახური გიტარებს ქვეყანაში სპეცოპერაციას, ვფიქრობ, ეს ღირსების და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის საკითხი უნდა იყოს.  ბევრი დეტალის შესახებ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი არ მინდა, ამის დროც მოვა. გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან ჩემს სიცოცხლეს ახლაც ემუქრება საფრთხე. ჩემს სამშობლოში თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ და იძულებული ვარ, სხვა ქვეყანაში ხიზნად ვიქცე და გავხიზნო ოჯახიც. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს საქმეს, ამჯერად მხოლოდ რამდენიმე დეტალზე ვისაუბრებ. თავდასხმის ადგილზე დამონტაჟებულ გარე სათვალთვალო კამერებს გამორიცხულია, არ დაეფისირებინათ თავდამსხმელი. გამომძიებლებმა კი ისეთი ფოტო მაჩვენეს, პირი რომც მცნობოდა, ვერ ამოვიცნობდი. არადა როდესაც პოლიციელებმა ამოიღეს ჩანაწერები და ხელმძღვანელობას ესაუბრებოდნენ, ჩემმა მეზობლებმა გაიგეს მათი საუბრები: პოლიციელები ამბობდნენ, რომ სახე კარგად ჩანდა. გარდა ამისა, უკვე გითხარით, რომ გამომძიებლებმა მაშინ დაადასტურეს ჩემი ეჭვები რუსული სპეცსამსახურების თაობაზე. ამის შესახებ ახლა უკვე დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს ბევრი დეტალით. ამბობს ხანგოშვილი.

ავტორი: დიანა მუსელიანი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები