გიგი წერეთელი: „პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების ის მოვლენა, რომელმაც შესაძლოა, გააღრმავა, პარტიაში არსებული უთანხმოებები“

01-08-2024 21:25:09 პოლიტიკა

"ევროპულ საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი გიგა ბოკერიას გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის თაობაზე "სამწუხაროს" უწოდებს.

მისი თქმით, „პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების ის მოვლენა, რომელმაც შესაძლოა, გააღრმავა, პარტიაში არსებული უთანხმოებები“.

"პრაიმერიზის კენჭის ყრის წინა საღამოს, სიის პირველი ნომრის – პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გზავნილის გავრცელება, მეორე სიის მხარდასაჭერად, უცნაური იყო, რომელმაც ნეგატიური ეფექტი გამოიწვია ლიდერებში, მხარდამჭერებში და რეგიონებში. გაჩნდა პოლიტიკური დაბნეულობა და ამან შექმნა დიდი უხერხულობა, რასაც მოჰყვა გარკვეული დაპირისპირება. თუმცა მანამდე იყო ასევე ამომრჩეველთა დარეგისტრირებაზე გაუგებრობა და შეიქმნა კონფლიქტი, კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად, კონკრეტული ამომრჩეველი ყოფილიყო სიაში თუ არა. ამაზე შეიქმნა კონფლიქტი, გავიტანეთ პოლიტსაბჭოზე, სადაც მიღებული იქნა იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც არ მოეწონა თავმჯდომარეს და გადაწყდა ყრილობის დანიშვნა, რომელზეც გადაწყდებოდა ლიდერის და თავმჯდომარის, ასევე, ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც ამტკიცებს სიას. სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული კასკადი მოვლენების იმიტომ, რომ ყრილობა დემოკრატიული ამბავია პარტიაში. ამ საკითხზე იყო ყველაზე მეტი დაძაბულობა, რამაც გამოიწვია ნდობის დაკარგვა და ერთმანეთთან დაპირისპირება, საბოლოოდ კი დადგა ეს შედეგი, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ პატივს ვცემ“,- განაცხადა წერეთელმა "ტვ პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, პრაიმერიზის შედეგი დასრულდა მათი სიის გამარჯვებით, თუ ვინმეს ეს არ მოეწონა მათი საქმეა.

„თუმცა საუბარი იმაზე, რომ რაღაც პრინციპები დაირღვა და არასწორად მოხდა, არის ზედმეტი. მათ დაასაბუთეს თავიანთი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რაც მათ გააკეთეს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის: გიგა ბოკერიამ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები