02-08-2024 10:27:13 პოლიტიკა
ჩვენი გუნდი დააფუძნებს ახალ პარტიას - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა საკუთარ პირად გვერდზე, პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა.
"ერთ თვეში ახალი პარტიის დაფუძნება მირჩევნია მათთან [გიგი წერეთელი, კაკო ბობოხიძე] ბრძოლას, ერთი სული მაქვს, როდის შემოგთავაზებთ. გასაგებია, რომ მოდიფიკაციები მოგვიწევს, მაგრამ გავაკეთებთ ამ ყველაფერს.
ამ პარტიის ზრდას განაპირობებდა ის იდეები, რასაც ჩვენი გუნდი განასახიერებს. ჩვენი გუნდი აქ არის, დააფუძნებს ახალ პარტიას და ძალიან მალე გეტყვით, ვის მისცეთ ხმა, აქაც პასუხისმგებლობით მოვიქცევით" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპული საქართველოს პარტიული სიიდან გავიდა.
გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტს და პარტიას დატოვა. მისი თქმით, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე განსაკუთრებით, მისი, როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. კერძოდ, გიგა ბოკერიამ სია N2-ს დაუჭირა მხარი, რომლის პირველი ნომერი თამარ ჩერგოლეიშვილი იყო.
გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა და გენერალურმა მდივანმა კაკო ბობოხიძემ გადაწყვიტა არჩეული კურსიდან გადახვევა და "სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები აქ იყოფა".
გიგი წერეთლის თქმით, სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის.
ევროპული საქართველოს შიდაპარტიული პრაიმერიზი 28 ივლისს გაიმართა. მასში მონაწილეობა 1 896-მა დელეგატმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, პრაიმერიზში მონაწილე ორ სიას შორის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სია N1 - 55% და სია N2 - 45%. ორივე სიის მიერ მიღებული შედეგების პროპორციული განაწილების შედეგად სიის პირველი ნომერი გიგა ბოკერია იყო, მეორე - თამარ ჩერგოლეიშვილი.