საქართველო „კორუფციის აღქმის ინდექსის" რეიტინგში

23-01-2020 11:29:34 საზოგადოება

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“(TI) გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის ინდექსი 2019“, რომელიც აფასებს მსოფლიოს 180 ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ ვითარებას.

2018 წლის ინდექსთან შედარებით საქართველომ უკან დაიხია სამი საფეხურით და 41-დან 44-ე ადგილზე გადაინაცვლა.

2019 წლის ინდექსით, საქართველოს 100 საუკეთესო ქულიდან 58 აქვს. საქართველოს ქულა 58 იყო 2018 წლის ინდექსითაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სახელმწიფო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონეს ზომავს ექსპერტების და ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებებით.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის დაკვირვებით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგის 2 ქულით გაუარესება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არ ტარდება ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმები.

მისი თქმით, ის პრობლემები, რაზეც არასამთავრობო სექტორი გასული წლების განმავლობაში მიუთითებდა, არ მოგვარებულა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნო აცხადებს, რომ ზოგადად რეგიონში პრობლემად რჩება სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი სუბიექტის ხელში. რაც შეეხება საქართველოს, ის საუბრობს, რომ აქ კვლავაც შეინიშნება არაფორმალური გავლენები მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებზე. იმისთვის, რომ ზრდა ვნახოთ ინდექსის, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები ერთმანეთს დააბალანსებენ და განახორციელებენ ერთმანეთზე ზრდამხედველობას, აუცილებელია, რომ სამართალდამცავ ორგანოებზე პოლიტიკური ზეწოლა არ არსებობდეს და არ გვქონდეს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები. მნიშვნელოვანია ჩავატაროთ კონკურენტული არჩევნები. ასევე მნიშვენლოვანია შეწყდეს პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა და ყველა იმ ჯგუფზე, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ეფექტური რეაგირება იყოს „შავი ფულის“ მიმოქცევასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ირეაგირებს ელიტური კორუფციის ფაქტებზე. უკვე მერამდენე წელია ვითხოვთ, რომ შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო“, - განაცხადა გიგაურმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები