
მედია: ჰანიე დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანში კონტრაბანდულად შეიტანეს
02/08/2024 07:25:05 მსოფლიო
"ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში არა რაკეტით, არამედ დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც კონტრაბანდულად შეიტანეს საოჯახო სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა,– იტყობინება The New York Times, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შვიდ ოფიციალურ პირს ეყრდნობა. გამოცემის წყაროებიდან ორი ირანელია.
გამოცემა წერს, რომ ბომბი ფარულად დაახლოებით, ორი თვის წინ შეიტანეს თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შენობაში.
ირანის გუშაგთა კორპუსის წევრები ამბობენ, რომ დარტყმის სიზუსტე ჰგავდა დისტანციური მართვის ავტომატისას, რომელიც ისრაელის მოსადმა 2020 წელს გამოიყენა ირანელი ბირთვული მეცნიერის მოჰსენ ფახრიზადეს ლიკვიდაციისთვის. თავად ისრაელს ჰანიეს მკვლელობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბომბი, რომელმაც ჰანიე და მისი დაცვის წევრი მოკლა, დისტანციურად ააფეთქეს.
გამოცემასთან საუბარში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ხუთი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ "ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა მთავრობებს ოპერაციის დეტალები გააცნეს."
გამოცემა აღნიშნავს, რომ სასტუმრო გამოიყენება დასასვენებლად, ფარული შეხვედრებისთვის და ისეთი "გამოჩენილი სტუმრების დასაბინავებლად," როგორიცაა ჰანიე.
ოფიციალური პირები მიუთითებენ, რომ აფეთქებამ ფანჯრები ჩაამსხვრია და შენობის კედლის ნაწილი ჩამოინგრა, თავად შენობას მინიმალური ზიანი მიადგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სარაკეტო დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა.
ჰანიე თეირანში სამშაბათს ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა. მეორე დღეს მისი მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი.