ავსტრალიაში ამერიკელი მეხანძრეები დაიღუპნენ

23-01-2020 12:06:04 მსოფლიო

ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი მეხანძრეები ამერიკელები არიან. დაღუპულია სამი ადამიანი.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავრობა ადასტურებს. სახანძრო თვითმფრინავი რადარებიდან დღეს დილით გაუჩინარდა. ნამტვრევები აქტიური ხანძრის ზონაში აღმოაჩინეს. კატასტროფის ადგილზე გაგზავნეს სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე ორი სამაშველო ვერტმფრენი. აშშ-ის ორეგონის შტატის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მათ ეკუთვნოდათ.

ამერიკელი მეხანძრეები ავსტრალიის ხელისუფლებას ხანძრების ჩაქრობაში ეხმარებოდნენ.

უპრეცედენტო მასშტაბის ხანძარს ავსტრალიაში რამდენიმე თვეა, ებრძვიან. სტიქიას ემსხვერპლა 28 ადამიანი, განადგურებულია მილიარდზე მეტი ცხოველი.

ავტრალიაში დასახმარებლად 150–ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე ორი კვირის წინ ჩავიდა. ავსტრალიას კერძო ამერიკული კომპანიებიც ეხმარებიან, რომლებმაც კონტინენტზე სპეციალური საჰაერო ხომალდები გაგზავნეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები